Back to Top
ორშაბათი, 08 მარტი 2021 13:14

ფემინიზმი, როგორც ცხოვრების წესი - მარიამ თოფჩიშვილის ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

“ჩემი მშობლები ხშირად იხსენებენ, რომ ბავშობიდან მიყვარდა სხვების დახმარება, საკუთარ სათამაშოებს და თითქმის ყველა ნივთს სხვა ბავშვებს ვუზიარებდი და ვჩუქნიდი ხოლმე. სიმართლე გითხრათ, სამოქალაქო აქტვიზმიც სწორედ ამ კუთხით დავინახე და დღემდე ასე ვარ, ეს ჩემთვის სხვების დახმარების, გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის ინსტრუმენტია”.

 

22 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელმაც „ახალგაზრდა ფემინისტების ჯგუფი“ შექმნა უკვე წლებია სხვა ქალების გაძლიერებისთვის მუშაობს. არჩევანი, ემუშავა ამ მიმართულებით, იმ პრობლემებს უკავშირდება, რომლებთანაც თავად უწევდა გამკლავება. 

 

‘ეს არის შეზღუდვების და სტერეოტიპების მთელი ციკლი, რომ უნდა იყო ნაზი, თოჯინები, ვარდისფერი ფერი უნდა გიყვარდეს და ვერასდროს იქნები უფრო ჭკვიანი თუ უფრო პროდუქტიული, ვიდრე ზუსტად შენი მსგავსი შესაძლებლობების მქონე ბიჭია. ამას ემატებოდა კომენტარები, რომ ბიჭის ტვინი სხვაა, ბიჭი ოჯახის გადამრჩენელია, ბიჭებს უფრო კარგად გამოსდით მათემატიკა, ფიზიკა და სხვა. ამ ყველაფერთან შინაგანი პროტესტი ყოველთვის მქონდა, უბრალოდ გარკვეულ დრომდე არ ვიცოდი, რომ ამ პროტესტს სახელი აქვს და ჩემსავით ათასობით გოგონა აპროტესტებს გენდერულ უთანასწორობას“.

 

ქალთა საკითხებით დაინტერესებას, ახალი ინფორმაციის მოძიების სურვილი მოჰყვა, რაც ცოდნის დაგროვების დაუსრულებელ პროცესაც იქცა. მარიამი წლების განმავლობაში, ეცნობოდა ქალების ბრძოლის ისტორიას და ამ ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარების სურვილიც უჩნდებოდა.

 

„კონსპირაციის თეორიებიც კი მსმენია, რომ ვითომ ფემინისტებს უნდათ მსოფლიო ისე შეიცვალოს, რომ რეპროდუქციული უნარი მხოლოდ კაცს ჰქონდეს; კაცებს შეეძლოთ დაფეხმძიმება და ამ მიზნით კვლევებს აფინანსებენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე და აქვე ყველა ბუნდოვანების გასაფანტად ვიტყვი, რომ ფემინიზმი მისი კლასიკური გაგებით, იბრძვის იმისთვის, რომ ქალებს და მამაკაცებს თანაბარი უფლებები, განვითარების თანაბარი შესაძლებლობები და თანაბარი პასუხისმგებლობები ჰქონდეთ“.

 

საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად, 2015 წელს მარიამმა საინიციატივო ჯგუფი შექმნა, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს.

 

„თავიდან ერთადერთი მიზანი გვქონდა, რომ ყველა გოგონამდე მიგვეტანა ინფორმაცია და მათთვის გვეთქვა, რომ ის სტეროტიპები, რაც ქალების შესახებ არსებობს, არ არის მართალი; რომ ყველა გოგოს შეუძლია იყოს ის, ვინც უნდა რომ იყოს და ვეუბნებოდით რომ მზად ვიყავით ამ პრობლემებთან გამკლავებაში საკუთარი რესურსებით დავხმარებოდით.“

 

ქალთა საკითხებზე მუშაობის პარალელურად, მარიამი ცდილობს განვითარების შესაძლებლობა სხვა ინტერსებს და მისწრაფებებსაც მისცეს.

 

„მედიის განვითარების ფონდის რეგიონული მონიტორი ვიყავი და ახლა fact-checking-საც ვაკეთებ მათთან ერთად, რაც ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და აზარტული პროცესია. თუმცა, გარკვეული დროის გამოთავისუფლებას მაინც ვახერხებ და ამას ძირითადად წიგნებს, ფილმებს და ხელოვნებას ვუთმობ“.

 

მარიამი ხშირად მოგზაურობს, რადგან ფიქრობს თავგადასავლის ძიების გარდა, მოგზაურობა სხვა ქვეყნების კულტურის გაცნობის ყველაზე ეფექტიანი და სასიამოვნო გზაა.

 

“ბავშვობიდან მაინტერესებდა სხვა ქვეყნები და კულტურები, მახსოვს მსოფლიო ენციკლოპედიის წიგნი მქონდა, რომელიც დაბადების დღეზე მაჩუქეს და თითქმის ზეპირად ვიცოდი ქვეყნების შესახებ ინფორმაცია, განსაკუთრებით მომწონდა ეგვიპტური კულტურა და მიუხედავად იმისა, რომ ევროპის და აზიის ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი ეგვიპტე ჯერ არ მინახავს და ერთგვარ „აუხდენელ ოცნებად“ დამრჩა იქ მოგზაურობა. ახალი კულტურების და ქვეყნების გაცნობის სურვილი იყო ალბათ მოტივატორი იმისა, რომ ბევრი უცხო ენის სწავლა მიცდია და დღემდე ვცდილობ”.

 

მარიამი სხვადასხვა დროს სწავლობდა არაბულს, გერმანულს, ესპანურს, იტალიურს. სასაუბრო დონეზე ფლობს ინგლისურს, რუსულს და ჩინურს.

 

„გარდა ამისა, ანა ფერაძის სამხატვრო სკოლა მაქვს დამთავრებული და ხატვა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი და განტვირთვის საყვარელი საშუალებაა. ჩემი მეორე ჰობი ფოტოგრაფიაა. ბევრი უკვე იცნობს გორელ ფოტოგრაფთა კლუბს, რომლის წევრიც მისი დაარსების დღიდან ვარ. ეს ჯგუფი გარდა ფოტოგრაფიის სწავლებისა, ბევრ მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებს“.

 

მარიამ თოფჩიშვილი არის ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, ჩართულია UN Women – Europe and Central Asia-ს პანელურ შეხვედრებსა და დისკუსიებში განსაკუთრებით მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში. ასევე არის ახალგაზრდული ფემინისტური ფონდი “ფრიდას“ მრჩეველთა საბჭოს წევრი. ამჟამად ფონდის ეგიდით ყირგიზულ ფემინისტურ ჯგუფთან ერთად მუშაობს და მათ ორგანიზაციულ განვითარებაში ეხმარება.

Read 509 times