Back to Top
პარასკევი, 12 მარტი 2021 13:23

ნათიას "აისი"

Written by
Rate this item
(0 votes)

ნათია ჯოხაჯე 6 წელია ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. ჩანთები, სამკაულები, პოლიმერული თიხით დამზადებული სხვადასხვა სახის აქსესუარები ოჯახური, პირადი და პროფესიული ცხოვრების პარალელურად იქმნება.

 

ნათიასთვის შემოქმედებითი პროცესი ემოციურად მნიშნვნელოვანია. 

 

"ბავშვობიდან მიყვარდა ხელსაქმე და ახლა უკვე სერიოზულად ვეკიდები. პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი ვარ, თუმცა ნივთების შექმნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი პროცესია".

 

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ნათიას შვილს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და დედა იძულებული გახდა დიდი დრო შვილთან ერთად სახლში გაეტარებინა.

 

"ეს დიდი სტრესი იყო ჩემთვის. მთელ დროს სახლში ვატარებდი შვილთან. ვნერვიულობდი მისი ჯანმრთელობის გამო. სწორედ ამ დროს დავიწყე ხელნაკეთი ნივთების დამზადება, რადგან ვგრძნობდი, რომ ნამუშევრების შექმნის პროცესი ძალიან მამშვიდებდა და უარყოფითი ემოციებისგან მათავისუფლებდა".

 

თავდაპირველად, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ამზადებდა სასურველ აქსესუარებს. გამოუსადეგარ ნივთებს აგროვებდა და სხვა დანიშნულებას, მისივე სიტყვებით, "ახალ სიცოცხლეს აძლევდა". როდესაც მეგობრებმა და ნათესავებმა ნათიას შექმნილი დიდი რაოდენობით ხელნაკეთი ნივთები ნახეს, მათი რეალიზაცია შესთავაზეს და პირველივე მცდელობა წარმატებით დასრულდა - ნათიას ხელნაკეთი ნივთები გაიყიდა. ბევრ ნამუშევარს ავტორი საჩუქრად გასცემს.

 

პირველ ნამუშევარს, რომელიც გაიყიდა, ავტორი ექვსი თვის შემდეგ შეხვდა.

 

"ერთ-ერთ შეხვედრაზე, ტრენინგზე უცხო გოგონას პიჭაკზე ჩემი პირველი ხელნაკეთი გულსაბნევი დავინახე, ეს ძალიან სასიხარულო იყო, რადგან საკუთარ ნამუშევარს კვლავ შევხვდი, რომელსაც უკვე სხვა პატრონი ყავდა. ეს დიდი სტიმული იყო ჩემთვის."

 

 

ნათიას შემოქმედებაში არის ერთი ყელსაბამი, რომელსაც ის არასდროს გაყიდის. ეს ქართული აგატითაა გაწყობილი.

 

"ეს ქვა ახალციხეში მაჩუქა, აწგარდაცვლილმა მამამთილმა. მეც მესხეთიდან ვარ წარმოშობით და ამიტომ განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის."

 

სოციალურ ქსელში, საკუთარი ნამუშევრების გასაყიდად გაკეთებლ გვერდს ავტორმა "აისი" უწოდა, რადგან ეს საქმე მზის ამოსვლას და განათებას ჰგავს ნათიასთვის. ის ფიქრობს, რომ ნამუშევრების რეალიზაციისთვის კარგი იქნება ქალაქში არსებობდეს სივრცე, სადაც გორელ შემოქმედებს საკუთრი ნივთების გაყიდვა შეეძლებათ.

Read 477 times Last modified on პარასკევი, 12 მარტი 2021 13:38