Back to Top
ორშაბათი, 29 მარტი 2021 14:00

როგორ ცდილობენ გორელი მასწავლებლები სწავლების არაფორმალური მეთოდების დანერგვას?

Written by
Rate this item
(0 votes)

საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს უზრუნველყოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება, მოზარდის ჰარმონიული განვითარება, ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების მქონე მოქალაქეების აღზრდა.

 

დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ სტანდარტული განათლება, რომელიც მოქცეულია ერთი გაკვეთილის ჩარჩოში, ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეში სკოლის შემდგომი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განვითარებას.

 

როგორ უმკლავდებიან ამ გამოწვევას გორელი მასწავლებლები?


მასწავლებელთა ნაწილი ცდილობს, მოსწავლეებში იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებას და დაგროვებას, რომლებიც მათ ცხოვრების დაგეგმვასა და წარმართვაში გამოადგებათ.


ერთ-ერთი ასეთი გორის N11 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ლიკა მელთაურია.


„ამისთვის სხვადასხვა ინოვაციური მეთოდები და მიდგომებია საჭირო მასწავლებლების მხრიდან. საზოგადოებაში ნელ - ნელა აქტუალური ხდება არაფორმალური განათლება. განსაკუთრებით ახალგაზრდებში შეინიშნება ეს ტენდენცია“, - ამბობს ლიკა.

 

მან სკოლაში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების კლუბები შექმნა, რომელიც მოსწავლეთა ჩართულობით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს.

 

„კლუბის წევრები ძირითადად დაბალი კლასის მოსწავლეები არიან და ვცდილობთ, ერთობლივად ვისწავლოთ ყველაფერი ახალი. ვიცით, რომ ერთ გაკვეთილზე ვერ ისწავლიან ცხოვრებისულ ღირებულებებს და ამას კომპლექსური მუშაობა სჭირდება. მაგალითად, ახლა დავრგეთ ხეები და ბავშვები ძალიან უვლიან და უფრთხილდებიან. ეს ცხადია, მათ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, რაც ერთ გაკვეთილზე ნამდვილად ვერ მოხდება“.

 

მოსწავლეთა განვითარების საკუთარი მეთოდები აქვს გორის მე-11 და მე-9 საჯარო სკოლების რუსული ენის მასწავლებელ ირმა კურტანიძეს. ის მოსწავლეების სხვადასხვა სართაშორისო კონკურსებსა და პროექტებში ჩართვას ცდილობს.


„ვარ eTwinning-ის სამი პროექტის ავტორი და ოთხი პროექტის თანაავტორი. გასულ სასწავლო წელს ორმა პროექტმა მიიღო ეროვნული და ევროპული ხარისხის ნიშნები. დანარჩენ პროექტებზე ამჟამად მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ“.

 

 

ირმამ პროექტ „მოხალისე“-ს ფარგლებში, რუსული ენის საზაფხულო უფასო ონლაინ-სკოლა გახსნა, სადაც მოწვეული ჰყავდა 9 ქართველი და 13 უცხოელი მასწავლებელი.


„ისინი ყოველდღიურ რეჟიმში მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით უტარებდნენ მეცადინეობებს მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. დღეს ვაგრძელებ რუსული ენის პროგრამის კოორდინირებას. ჩვენი მოხალისეების რიგები იზრდება და მასწავლებლები აქტიურად მუშაობენ ბავშვებთან და ატარებენ მეცადინეობებს ონლაინ-რეჟიმში სრულიად უსასყიდლოდ“.


ირმას ინიციატივით ასევე შეიქმნა და ამჟამადაც მუშაობს ციფრული ონლაინ-სკოლა, სადაც მასთან ერთად გორის მე-11 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ლიკა მელთაური და მე-9 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ლელა კაკაშვილი საკუთარ ცოდნას უზიარებენ მოსწავლეებს.


„XXI საუკუნის მოსწავლეებში პრიორიტეტია ციფრული უნარების განვითარება, მათ უნდა შეეძლოთ სხვადასხვა ელექტრონული რესურსის მოძიება და გამოყენება სასწავლო პროცესში, რაც წიგნიერების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, - ამბობს ირმა.


მოსწავლეების საერთაშორისო პროექტებში ჩართვას და უცხოელ თანატოლებთან დაახლოებას ცდილობს გორის N11 და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ირმა გაგლოევი.


„eTwinning - ევროპის სკოლების გაერთიანების პორტალი არის ადგილი, სადაც მასწავლებელიც და მოსწავლეც თავს გრძნობს მსოფლიოს ნაწილად. პროგრამაში მასწავლებელთა ძირითადი საქმიანობა თანამშრომლობითი პროექტების განხორციელებაა. eTwinning ძალიან დამეხმარა, პირველ რიგში, გამოცდილების მიღებაში, თუ როგორ ვიმუშაო პროექტებზე, გამოვიყენო სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტები. მოსწავლეები მუშაობენ ციფრული პროდუქტების შექმნაზე, რომლებსაც შემდგომში ვტვირთავ პროექტის თვინსფეისზე. ამჟამად, ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვასრულებ პროექტს ,,The world in the future’’ რომელიც ძალიან საინტერესო პროექტია და ძალიან მოტივირებული ევროპელი კოლეგები მყავს, დასრულების შემდეგ წარვადგენ ეროვნულ და ევროპულ ხარისხის ნიშანზე“.

Read 711 times Last modified on ორშაბათი, 29 მარტი 2021 14:12