Print this page
პარასკევი, 02 აპრილი 2021 15:08

წარმატებული მოსწავლეები გორის სკოლებიდან

Written by
Rate this item
(1 Vote)

გორის სკოლებში სწავლობენ ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობებით წარმატებას სასკოლო სივრცის მიღმაც აღწევენ. 

 

საბა ბლიაძე - წარმატებული მოსწავლე და ფეხბურთელი

 

იშვიათად შევხვდებით სპორტსმენს, რომელიც ამავე დროს კარგი და სკოლაში გამორჩეული  მოსწავლეა. ასეთია გორის N11 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე საბა ბლიაძე, რომელიც გარდა იმის, რომ ყველა საგანში უმაღლეს შეფასებას იმსახურებს, მონაწილეობს სხვადასხვა ოლიმპიადებში კარგი შედეგებით, სკოლის ყველა პროექტსა თუ წამოწყებაში.

 

საბა ფეხბურთელია და აქაც წარმატებული. მან 2021 29 მარტს გამართულ  მშვიდობის თასის გათამაშების ფინალზე მიიღო ბომბარდირის ტიტული, სადაც გორის U12-წლამდე გუნდი ნორჩ დინამოს დაუპირისპირდა. შეხვედრაში კი გადამწყვეტი სიტყვა საბა ბლიაძემ თქვა, რომელმაც საჩემპიონო გოლი გაიტანა და უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის მოგებაში. "Man Of The Match - საბა ბლიაძე" - ასეთ კომენტარებს უწერენ FC Gori -ს სპორტულ გვერდზე.

 

“2015 წელს შევედი საფეხბურთო სკოლაში. პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ ელიტ ლიგაზე შემდეგ იყო ბევრი გამარჯვება და მიღებული მაქვს  საუკეთესო ნახევარმცველის და საუკეთესო თავდასხმელის ტიტული, 2021 წელს კი, მივიღე ბომბარდირის ტიტული. ეს დიდი სტიმულია ჩემთვის”, - გვიზიარებს შთაბეჭდილებებს საბა.

 

საბა არის მათემატიკის და ქართული ენის ოლიმპიადის ფინალური ტურის არაერთგზის  მონაწილე, დიპლომებით და წარმატებებით. ამბობს, რომ უყვარს მათემატიკა, ისტორია ქართული და ინგლისური. აქვს დიდი მიზნები და იმედები. ჯერ პროფესია არგადაუწყვეტია, მაგრამ ის იცის, რომ ფეხბურთელი აუცილებლად გამოვა და მისი ფავორიტი ნეიმარივით გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ამ სპორტში.

 

 

ლიკა ვანიშვილი და მისი წარმატებების არასრული სია 

 

ლიკა ვანიშვილი სკოლაში წარადგინეს და  დააჯილდოვეს,  როგორც წარჩინებული და წარმატებული მოსწავლე. ის ამჟამად გორის N4 საჯარო სკოლის მე-11 კლასში სწავლობს.

 

„მონაწილეობა მაქვს მიღებული არაერთ პროექტსა თუ კონკურსში: საგარეჯოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ გამოცხადებულ თხზულებათა შეჯიბრში, სათაურით: „ევროპული დღეები - 2019“, სადაც დავიკავე პირველი ადგილი. შემდეგ, არასამთავრობო გაერთიანება „კოგნიტიოს“ მიერ  გამოცხადებულ შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა. ჩემი შემდეგი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცხადებული შეჯიბრი: „შეადარე წიგნი ფილმს“, სადაც დამჭირდა, უცხოურიდან მეთარგმნა ნაწარმოები და შემდეგ შემედარებინა. საბოლოოდ, დამიკავშირდნენ, რომ დავჯილდოვდი გამომცემლობის მიერ 100-ლარიანი წიგნების შემსყიდველი ბარათით“, - გვიყვება ლიკა.

 

ის ასევე მონაწილეობდა თბილისის თავისუფალი, ევროპის, კავკასიის საერთაშორისო, ქართულ-ამერიკული და სხვა უმაღლესი სასწავლებლების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოცხადებულ თხზულებათა შეჯიბრში - „ქალთა მიმართ ძალადობა“, ლიკას ნამუშევარი საუკეთესოთა შორის მოხვდა.

 

ლიკა მონაწილეობს  „ჟან მონეს ზამთრის სასწავლებელი (სკოლა) 2021“,-ის ღონისძიებებში და ახლახანს დაამთავრა „ზამთრის STEM სასწავლებელი 2021“ - ის მიერ ჩატარებული ფიზიკა-მათემატიკური და დაგეგმარების/პროგრამირების გაკვეთილები და მოხვდა საუკეთესო სამეულშიც.

 

ყველა საგანში წარმატებული მოსწავლე ოქროს მედალზეც აპირებს სკოლის დამთავრებას, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რაც მას შეუძლია. ის არის პროფესიონალი მომღერალი, თვითნასწავლი მხატვარი, უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და იტაცებს ცხოვრების ჯანსაღი წესი.

 

მას სხვა დიდი მიზნებიც აქვს, უნდა იყოს ქველმოქმედი და გარშემო ყველასთვის სიკეთე მოიტანოს.

 

 

გიორგი პეტუაშვილი - პატარა ფიზიკოსი

 

გიორგი პეტუაშვილი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი პატარა ფიზიკოსია. მას 21-ე საუკუნის ვუნდერკინსაც უწოდებენ.

 

გიორგის მათემატიკის ოლიმპიადის "ევერესტის" არაერთგზის მონაწილე  და საპრიზო ადგილების მფლობელია. ბავშვობიდან უყვარს მათემატიკა და კითხვების დასმა. ეს კითხვები უბრალო არ გეგონოთ - მას პლანეტების ბედი აღელვებს და ამ კითხვებს ყველგან ეძებს: წიგნებში, ციფრულ სამყაროში, ადამიანებთან.

 

პატარაობიდან ხატავს. მუსიკაზე დადის. პროგრამირებას სწავლობს.

 

გიორგი ამჟამად  თბილისის ვლადიმერ კომაროვის სახელობის 199-ე საჯარო სკოლაში, მეშვიდე კლასში სწავლობს.

 

„ჩემთვის ფიზიკა არის ცხოვრების შეცნობის საუკეთესო გზა. ფიზიკით შეგვიძლია შევაფასოთ ბუნებაში მიმდინარე პროცესები და ამით მეტი გამოცდილება შევიძინოთ, რაც ცხოვრებაში ძალიან გამოგვადგება. ჩემთვის წარმატება არის საშუალება, დავუმტკიო სხვებსაც და საკუთარ თავსაც, რომ იმ ცოდნის, რაც კი ოდესმე მიგიღია, გამოყენების უნარი გაქვს", - ამბობს გიორგი.

 

მისთვის მოტივაციას მშობლები, მეგობრები, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები წარმოადგენენ, - “როცა ვფიქრობ რომ ვიღაცამ რაღაც შეძლო და დაძლია, მე ვფიქრობ - მეც აუცილებლად უნდა ვცადო".

 

ჯერ ზუსტად არ იცის, მაგრამ  უნდა ფიზიკოსი, ასტრონომი ან გენეტიკოსი გამოვიდეს. გიორგიმ იცის სწავლის ფასი და ის თანატოლებს ურჩევს, რომ არ იზარმაცონ, არ შეწყვიტონ ოცნებებისკენ სწრაფვა და ახსოვდეთ, რომ ცოდნა ყოველთვის დაეხმარება ყველას.

 

 

მარიამ ბექაური და მისი ხელნაკეთი ნივთები

 

მარიამ ბექაური 17 წლისაა. ის გორის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. გამორჩეულად ქართული და ინგლისური ენების სწავლა უყვარს. ახლა აბიტურიენტია და უფრო იმ საგნებზეა გადართული, რაც გამოცდების ჩაბარებისას  სჭირდება. პროფესია არჩეული აქვს - მოდის დიზაინზე აპირებს ჩაბარებას. ეს სულაც არ არის შემთხვევითი, ის ხელნაკეთ აქსესუარებს ამზადებს და ყიდის კიდეც.

 

"თითოეულ მათგანს დიდი სიყვარულით ვამზადებ და ვყიდი. ვფიქრობ, რომ ეს არის ის საქმე, რომელიც დამეხმარება ჩემს მომავალ პროფესიაში და ჩემს ადგილს აქედანვე დავიმკვიდრებ. ჯერ კიდევ დაწყებითი კლასებიდან გადაწყვეთილი მაქვს დიზაინერობა და იქიდან მოყოლებული ყოველდღე ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ ჩემი ცოდნა განვავრცო და მეტად განვითარდე".

 

კერვის და აქსესუარების დამზადებამდე, მარიამი ფურცელზე ქმნიდა სასურველი დიზაინის ნივთებს.

 

"დღეს კი უამრავი კაბა მაქვს შეკერილი, რომლებსაც ჩემი აქსესუარებით ვამკობ. ყოველდღე ვცდილობ გამოვნახო დრო ხატვისა და კერვისთვის, შევქმნა ახალი აქსესუარები და ჩემი ინტერნეტ მაღაზია მეტად განვავითარო", - ყვება მარიამი.

 

მარიამი საკუთარი ნამუშევრების ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

Read 921 times Last modified on პარასკევი, 02 აპრილი 2021 15:55