Back to Top
ორშაბათი, 19 აპრილი 2021 14:28

რას ვაკეთებთ მაშინ, როცა ბავშვები ცოცხლები არიან

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: სუზი ბერიძე, მასწავლებელი

 

ჩვენ საკმაოდ მგრძნობიარე საზოგადოება ვართ. ძალიან ვშფოთდებით საჯაროდ გაცხადებული ძალადობის საქმეებით. თუ ეს ძალადობა ბავშვებს ეხება და ტრაგიკულად სრულდება, უფრო მეტად ვფორიაქობთ და ვაწრიალებთ კლავიატურას. ერთი ეგაა, ასეთი ამბები ორ კვირამდე გვყოფნის შეშფოთებული კომენტარების საწერად.

 

რთულია მზა რეცეპტის შემუშავება, როგორ მოვიქცეთ ბავშვთა მიმართ ძალადობის (განსაკუთრებით სექსუალური ხასიათის) წინააღმდეგ; რთულია, დაადგინო მოქალაქის, როგორც ინდივიდის როლი.

 

ხშირად ვისმენთ ფრაზას "დედებმა მიხედონ", "დედა ხომ ყავს, დაარიგოს"... სამწუხაროდ, დედები ყოველთვის არ/ვერ არიან ბავშვებთან ფიზიკურად და ეს ფრაზებიც ისევ ქალების დისკრიმინაციას ემსახურება. დიახ, საქართველოში ბავშვების უმეტესობას დედები ზრდიან, მაგრამ ის ფაქტიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ყოველი მე-11 ქალი ძალადობის მსხვერპლია და ამასთან ქალების 78,3%-ს მიაჩნია, რომ ძალადობის პრობლემები მხოლოდ ოჯახში უნდა განიხილებოდეს.

 

რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, აქ კიდევ უფრო აქტიურდება ორმაგი სტანდარტები და წნეხი" "რას იტყვის ხალხი". ამ ყველაფერს ემატება სიმართლის დადგენის რთული სისტემა და გადაჭარბებული ყურადღება საზოგადოების მხრიდან.

 

ვერც სკოლაში ვრეაგირებთ მასწავლებლები მყისიერად და სათანადოდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ჩემი მცირე გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან რთულია საგაკვეთილო პროცესში ამოიცნო გულგრილობის, გამომწვევი ქცევის, ღიმილის თუ კარგად ჩაბარებული გაკვეთილის მიღმა, სინამდვილეში როგორი სულიერი მდგომარეობა აქვს მოსწავლეს. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი გამოსავალი ვფქირობ სკოლებში ფსიქოლოგის სამსახურის გაძლიერება და არაფორმალური განათლების უფრო დიდი დოზით დანერგვა უნდა იყოს. ბავშვებს პირველ რიგში ურთიერთობა სჭირდებათ. მათი დანახვაა საჭირო და გაკვეთილზე ეს ყველაფერი ნიშნის წერის ჩარჩოთი იზღუდება.

 

ფსიქოლოგი მხოლოდ ბავშვებს არ სჭირდებათ. მე, როგორც მასწავლებელი, ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ პროფესიონალი ამიხსნის იმ დაფარულს, რაც შეიძლება საგაკვეთილო რუტინისას გამომეპაროს.


როცა ამ ბლოგის დაწერა გადავწყვიტე, გამიჭირდა. გამიჭირდა თემის სიმძიმიდან გამომდინარე. მეტისმეტი სიფრთხილე გვმართებს ძალადობაზე და თვითმკვლელობაზე სასაუბროდ. ეს მეც ვერ შევძელი. მხოლოდ კითხვების დასმა შემიძლია:


რას ვაკეთებთ მაშინ როცა ბავშვები ცოცხლები არიან? რატომ ვერ ვამჩნევთ? რა გვეპარება, რა შეცდომას ვუშვებთ?

 

მესმის გარდამავალ პერიოდში ვართ, ჩემი თაობა ისევ ძველი სტანდარტული მეთოდებით ვიზრდებოდით, თანამედროვე რჩევები სულ სხვაა და ზოგჯერ როგორც მშობელს, ისე მასწავლებელს, გვიჭირს ამ მეთოდებში გზის გაკვლევა. ან მეტისმეტად მკაცრები ვართ ან პირიქით მეტისმეტად ლმობიერები, თუმცა მჯერა, შევძლებთ ჩვენი შვილების თაობის უპირობო მხარდაჭერას.

 

ჩემს მოსწავლეებს ვპირდები, რომ გავიზრდები როგორც მასწავლებელი და შევძლებ, დავინახო ჯერ მათი პიროვნება, მერე დანარჩენი. აქვე მინდა ვთხოვო ბავშვებს, პირველ რიგში უყვარდეთ საკუთარი თავი, ისეთი როგორებიც არიან; ილაპარაკონ, იყვირონ ხმამაღლა; გვაიძულონ, რომ დავინახოთ ისინი, ამოვუდგეთ მხარში და ერთად დავძლიოთ ყველა პრობლემა.

Read 400 times