Back to Top
ხუთშაბათი, 29 აპრილი 2021 13:37

ჯანსაღი გარემო ბავშვის განვითარებისთვის - რა სჭირდებათ ჩვენს შვილებს?

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თიკო გოგატიშვილი

 

ცხადია ჩვენი, მშობლების მიზანია აღვზარდოთ ჩვენი შვილები ჯანსაღი სხეულით, ფსიქიკით, ურთიერთობებით და ეს ხდებოდეს ისეთ გარემოში, როგორიც ამ ყველაფერს შეუწყობს ხელს.

 

ბავშვის აღზრდისას, უმნიშვნელოვანესია ოჯახი, მშობლები, მათი დამოკიდებულება და ღირებულებები. არაჯანსაღ ოჯახში აღზრდილი ბავშვები ხშირად ავლენენ დევიანტურ ქცევას, აგრესიას ან სულაც უყალიბდებათ არასრულფასოვნების შეგრძნება და თავისდაუნებურად, უჭირთ სხვა გარემოში ადაპტაცია. ოჯახში არსებული განწყობა პირდაპირ აისახება ბავშვების ფსიქიკაზე. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახში არსებულ განწყობებზე.

 

ოჯახზე არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ბავშვების ჩამოყალიბეაში საბავშვო ბაღი თამაშობს. ესაა ადგილი, რომელიც უნდა იძლეოდეს ხარისხიან სკოლამდელ განათლებას. ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვზე ზრუნავენ, პატივს სცემენ, როგორც ინდივიდს და დამოუკიდებელ პიროვნებას, ეხმარებიან სოციალიზაციის პროცესში და თამაშებითა თუ სხვადასხვა აქტივობებით ხელს უწყობენ მის განვითარებას. ამ ყველაფერში კი, მნიშვნელოვან როლს პერსონალი ასრულებს. სწორედ ამიტომ, ვისურვებდი უფრო მეტი აქტივობების, გადამზადების ტრენინგების ჩატარებას საბავშვო ბაღის პერსონალისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად და რაც მთავარია, მათ მიერ გაწეული შრომა აუცილებლად უნდა დაფასდეს ადექვატური ანაზღაურებით.

 

საბავშვო ბაღის შემდეგ, ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ სკოლა იქცევა ხოლმე. ეს არ არის მხოლოდ ის ადგილი, რომელსაც ბავშვისათვის ზოგადი განათლების მიცემა შეუძლია. ესაა გარემო, სადაც ბავშვი ყალიბდება, იძენს სამეგობრო წრეს, რომლებთან ერთადაც ატარებს დროის დიდ ნაწილს, დამოუკიდებლად იმკვიდრებს თავს და ყალიბდება პიროვნებად ინდივიდუალური ღირებულებებით.

 

განსაკუთრებული და დაუვიწყარია პირველი დღე სკოლაში, ახალი მეგობრები, მასწავლებელი, უჩვეულო გარემო, წესები და ახალ პასუხისმგებლობები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სკოლაში იყოს ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატი, მოწესრიგებული და სასიამოვნო გარემო, სადაც საწყის ეტაპზე ისწავლიან ბავშვები, რომ ბულინგი, დაცინვა, გარიყვა არ არის სწორი მიდგომა, ნებისმიერი სახის კონფლიქტი დროულად უნდა აღმოიფხვრას.

 

ვისურვებდი ხშირად იმართებოდეს სკოლებში ისეთი ფილმების ჩვენება, რომლებიც მოზარდებში არსებულ მთავარ პრობლემებს ბულინგსა თუ სხვა სახის კონფლიქტებს მათ სხვა კუთხით დაანახვებს და დაეხმარება გააანალიზონ სწორი და არასწორი ქმედებები. ბევრი ღია გაკვეთილი უნდა იმართებოდეს, რათა კონფლიქტური ურთიერთობების მოგვარება და გადაჭრის გზები  თავად   ბავშვის მხრიდან მომდინარეობდეს.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის უფრო აქტიური პროპაგანდა, მუნიციპალურ სკოლებს შორის სპორტული ღონისძიებები, შეჯიბრი, მარათონები მოსწავლეთა მონაწილეობა დასუფთავების აქციებში ხშირად უნდა ტარდებოდეს. სამოქალაქო განათლება არ უნდა იყოს მხოლოდ საგანი. პირიქით, ამ კურსის მეშვეობით ბავშვებმა უნდა ისწავლონ, რა არის სახელმწიფო, რა როლი აქვს სახელმწიფო ინსტიტუტებს და რა როლი აქვს თითოეულ ინდივიდს აღნიშნული ინსტიტუტების სწორად ფუნქციონირებაში.

 

ვისურვებდი, ჩვენი შვილები აღიზარდონ ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და სტაბილურ პოლიტიკურ გარემოში, რომელიც დაგვეხმარება უკეთესი სახელმწიფოს შექმნაში.

Read 111 times