Back to Top
ორშაბათი, 27 იანვარი 2020 16:55

რუსული წარმოების ფიტნეს ტრენაჟორები გორში - ოპოზიციის კრიტიკა და კომპანიის პასუხი

გორის მერიამ მუნიციპალიტეტში რუსული წარმოების ტრენაჟორები დაამონტაჟა. რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ასეთი ტრენაჟორები გორთან ერთად, ერთ-ერთ სოფელშიც არის დამონტაჟებული 

 

ოპოზიცია ამბობს, რომ აღნიშნული ტრენაჟორები რუსული წარმოებისაა და ისინი რუსეთის ერთ-ერთი ქალაქიდან ჩამოიტანეს. მათი ინფორმაციით, ახალბაღში, ღამბარაულის ქუჩაზე და სობისში სამუშაოები კომპანია "ჯეო გრინმა" შეასრულა და რუსული წარმოების ტრენაჟორები დაამონტაჟა.

 

 

აღნიშნული კომპანია თბილისში, აბაშიძის 89 ნომერშია რეგისტრირებული, დირექტორი კი ლელა გუდაშვილია.

 

კომპანიის დირექტორი რადიო "მოზაიკასთან" ამბობს, რომ აღნიშნული ტრენაჟორები გორის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გხვდება და შერჩევა სატენდერო მოთხოვნების მიხედვით ხდება.

 

"მარტო გორში კი არა, მთელ საქართველოში ეგეთი ტრენაჟორები დგას, ახლა შეამჩნიეს ? გავიდნენ და იკითხონ, ყველგან ეგენია დამონტაჟებული. საქართველოში მსგავსი ქარხანა არ გვაქვს და აბა საიდან მოვიტანოთ? რა მოთხოვნებიცაა ჩადებული სატენდერო დოკუმენტაციაში, იმის მიხედვით ვიქცევით. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ლურჯის მაგივრად წითელი ან სხვა ფერის ტრენაჟორები დავუყენოთ, ამას მარტო ჩვენი კომპანია კი არა, ყველა ასე აკეთებს", - გვითხრა ლელა გუდაშვილმა.

 

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შერჩევა ყველაზე დაბალი ფასის შემოთავაზების მიხედვით ხდება.

 

"როცა ტენდერში გამოვლინდება გამარჯვებული და ესა თუ ის კომპანია დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭება არ შეგვიძლია, მხოლოდ იმის გამო, რომ ის რუსული წარმოების ტრენაჟორებს დაამონტაჟებს. ჩვენთვის მთავარია, მან სრულად დააკმაყოფილოს სატენდერო პირობები და სხვა მონაწილე კომპანიებისგან განსხვავებით, დაბალი ფასი შემოგვთავაზოს. ეს ყველაფერი კანონმდებლობითაა განსასზღვრული", - გვითხრეს მერიაში.

 

გასულ წელს გორში, ცენტრალურ სკვერში "ახალბაღი", ღამბარაულის ქუჩაზე, შინდისის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე სატრენაჟორო სივრცეები მოეწყო. აქედან ღამბარაულის ქუჩასა (18 795 ლარი) და "ახალბაღში" (18 100 ლარი) სამუშაოები კომპანიამ "გეო გრინმა" შეასრულა, ხოლო შინდისის გზატკეცილსა (23 343 ლარი) და გორგასლის ქუჩაზე (22 820ლარი) - კომპანია "ჯეო - პარკმა".

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში: სობისში, ძევერაში, ტყვიავსა და ქვახვრელში გარე გამოყენების ტრენაჟორების შესაძენად ტენდერი გასული წლის სექტემბერში გამოაცხადა. სამ ტენდერში ერთიდაიგივე კომპანიამ შპს "ექსიმ მეიდმა " გაიმარჯვა, ტრენაჟორების მონტაჟის სამუშაოები კი თითოეულ სოფელში, 18 000 ლარად იკისრა. როგორც გაირკვა, აღნიშნული კომპანიას თურქი მფლობელი ჰყავს, საქართველოში კი კომპანიის დირექტორი გიორგი ქიტიაშვილია.

 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2988 times Last modified on ორშაბათი, 27 იანვარი 2020 17:07